მეთიუ მილერი – ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა
ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“, – განაცხადა მილერმა.
საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, სწორედ ამას ვამბობთ ამდენი ხანი. ეს არგუმენტი მოვიყვანეთ ამ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო შაბლონია, და ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ჰერჩინსკის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება.