ცესკოს არჩევნებისთვის დამატებით 13 მლნ ლარი გამოეყო – რა დაჯდება არჩევნების ჩატარება
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების დაფინანსების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამატებით 13 მლნ ლარი გამოეყოფა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოსთვის თანხის გამოყოფა ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
ცნობისათვის, 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთლიანად გამოყოფილია 171.219 მლნ ლარი, აქედან არჩევნების ჩატარებისთვის 126.5 მლნ ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ არჩევნებისთვის ცესკო 139.5 მლნ ლარს დახარჯავს, ყოველ შემთხვევისთვის, ამ დროისთვის სწორედ ეს თანხაა გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ წელს ცესკო-ს დაფინანსება 121.7%-ით არის გაზრდილი, რაც დაკავშირებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან. გასულ წელს ცესკო-სთვის 77.212 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.