მანქანის წინა გვერდითა მინების დამუქება მძღოლებს 60%-მდე შეეძლებათ
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის 2 ივლისის ბრძანების თანახმად, მანქანის მინების დამუქების რეგულაციები იცვლება.
კერძოდ, ავტომობილებში წინა გვერდითა საქარე მინების 60%-მდე დამუქება გახდა შესაძლებელი. აქამდე ეს მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი. შს მინისტრის ბრძანების თანახმად, კვლავ უცვლელია წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე დაწესებული შეზღუდვები.
კერძოდ, წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე; უკანა გვერდითა მინების – 75%-მდე. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ პოლიციას შეუძლია 100 ლარით დააჯარიმოს მძღოლი, რომელიც დადგენილ სტანდარტზე 10%-ით მეტად დამუქებული მინების მქონე ავტომობილს მართავს.