სად არის კახეთში შესაძლებელი პარაპლანით ფრენა
„პარაპლანით ფრენის მსურველთათვის 3 ახალი ლოკაცია დაემატა“ – როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ახალი ლოკაციებია: თბილისის ზღვა, საგარეჯო და სვანეთი, კონკრეტულად კი მესტია.
ირაკლი კაპანაძის თქმით, ახალი ლოკაციები ამ დროისთვის ნოტამით არის გამოყოფილი, რაც ყველა სხვა საჰაერო ხომალდისათვის დროებით გამაფრთხილებელ ღონისძიებას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიის შემდეგ, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.
აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.