“ნეკრესის მამულის” ღვინო შესაძლოა, ჩინეთში გაიყიდოს
კომპანია “ნეკრესის მამული”, რომელიც კახეთში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს, საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.
ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ოთო ტაბატაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მეღვინეობა 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიამ კახეთში ყველაზე ძველი მონასტრის, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ 5 ჰა მიწის ნაკვთი შეიძინა, სადაც ქინძმარაულის მიკროზონაში რამდენიმე ჯიშის ყურძენი, კერძოდ საფერავი, რქაწითელი და მწვანე გააშენა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ დრომდე ექსპორტს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ასევე სამხრეთ კორეაში, ლატვიაში და საფრანგეთში ახორციელებდა. მიმდინარე წელს კი, მოლაპარაკებების დაწყება ჩინეთის ბაზართან იგეგმება.
“ვენახი, სადაც ყურძენი გვაქვს გაშენებული, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. ღვინოს ვაწარმოებთ, რქაწითელს, მწვანეს, ასევე კუპაჟებს (სხვადასხვა ღვინის ერთმანეთში შერევა გაუმჯობესების მიზნით) რქაწითელს და მწვანეს, ასევე რქაწითელს და ჩინურს. ანუ, ქართლის ჯიშები მოგვაქვს. ქისი, ასევე საფერავი, მუკუზანი და შავკაპიტო.
ნედლეულის დიდ ნაწილს ვყიდულობთ კახეთიდან, ქართლიდან და იმერეთიდან, ხოლო რქაწითელი, საფერავი და მწვანე არის ჩვენი ვენახებიდან. წელიწადში, ჯამში 40 000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ, რომელიც ექსპორტზე ამერიკაში, სამხრეთ კორეაში, ლატვიასა და საფრანგეთში გადის. თუმცა, მიმდინარე წელს, ჩინურ ბაზარზე რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვიწყებთ, რათა საექსპორტო ბაზრები გავაფართოოთ”,-აცხადებს ტაბატაძე.
მისივე ცნობით, მეღვინეობის ასამუშავებლად, ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მამული აერთიანებს მეღვინეობას, სასტუმროსა და რესტორანს.