დღეს გივი ჩოხელის დაბადების დღეა – გაიგე მეტი
გივი ჩოხელი დაიბადა 27 ივნისს, 1937 წელა, თელავში, იგი იყო საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი.
კარიერის მანძილზე ითამაშა თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა ამ უკანასკნელში სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969–1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი.
19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა ჩოხელი, ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი ადრეულ 1960 წელს.
1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, ამავე წელს (1960) საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ 3:4 დამარცხდა. 1963 წლის ჩათვლით იცავდა ქვეყნის უძლიერესი კლუბის ღირსებას და რამდენიმეჯერ გახდა პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
გივი ჩოხელს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მან, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიპოვეს.
ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი უაღრესად თანამედროვე მცველი იყო. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხებიი გამოეყენებინა. ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა. თელავის მუნიციპალური სტადიონის წინ დგას გივი ჩოხელის ქანდაკება.