ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის თავისი ვალდებულებები“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კანონი სრულად და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
„ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან – რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა – ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, კანონი დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს.
„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებების ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, -აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტი 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, 5-მა დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.