TI- სიღნაღის მერიის თანამდებობის პირი 9 უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსზე, ლია ბაკაშვილზე წერს, რომლის თანახმადაც მან 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ანაზღაურება და დედის უძრავი ქონება არ მიუთითა.
დარღვევა I: ლია ბაკაშვილი ფლობს ხუთ უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში:
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო – 3388 კვ.მ. ნაკვეთი (თანასაკუთრება);
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი – 674 კვ.მ. ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო – 7001 კვ.მ. ნაკვეთი 649 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო – 2622 კვ.მ. ნაკვეთი 441 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაშნაარი – 4448 კვ. მ. ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით.
აღსანიშნავია, რომ ლია ბაკაშვილმა უძრავი ქონება არც წინა წელს დაადეკლარირა.
დარღვევა II: ლია ბაკაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.
ლია ბაკაშვილმა მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება არც წინა წელს დაადეკლარირა.
დარღვევა III: ლია ბაკაშვილმა ასევე არ ასახა საკუთარი დედის, მარიამ ყორღანაშვილის, ოთხი უძრავი ქონება:
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო – 3788 კვ.მ. ნაკვეთი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო – 1975 კვ.მ. ნაკვეთი;
ქ. თბილისი, ბერბუკის ქუჩა – 105 კვ.მ. ბინა;
ქ. თბილისი, ბერბუკის ქუჩა – 15 კვ.მ. ავტოსადგომი.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლია ბაკაშვილი, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლია ბაკაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.