ალავერდში სტიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.
„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი:
,,ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა”.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობისგან და მრევლისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფები.
,,გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. სტიქიას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეს, ადგილზე გავეცანით ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა კოორდინირებულად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მონასტრის აღსადგენად”.
სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილიც. მისი თქმით, ადგილზე დაიწყო ზარალის შესწავლა.
“ალავერდის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. შესაბამისად, საჭიროა ღრმა შესწავლა, რათა სწორად მოხდეს თანმიმდევრული პროცესების დაგეგმვა. პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი უწყება. ზარალის შესწავლა მოხდება სპეციალისტების მიერ და ამის შემდეგ, გახდება ცნობილი, რა ტიპის სამუშაო პროცესი უნდა წარიმართოს”.