სააგენტო- გადახდილია ალავერდის მონასტრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია სარკმლები, ჩამოვარდნილია ჯვარი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ადასტურებს, რომ კახეთში, სტიქიის შედეგად დაზიანდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი.
კერძოდ, გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები.
სააგენტოს ცნობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.
“სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“,– ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხდებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალავერდს ქარბორბალამ გადაუარა.