საქართველოში მზის საწინააღმდეგო და კარტოფილისა და ხახვის დამცავი ბადეების წარმოება იგეგმება
კომპანია „აგრობადემ“ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო.
როგორც მისი დირექტორი, ავთანდილ მაისურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამ დროისთვის მოთხოვნა მომატებულია, თუმცა ფერმერები მის შეძენას მაღალი ფასის გამო, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ.
„ბადეებზე მოთხოვნა კახეთიდან, შიდა ქართლიდან და დასავლეთიდან არის. მოცვის ბაღებს აფარებენ, ჩიტებმა რომ არ შეჭამონ, მაგრამ ფერმერები რატომღაც სახელმწიფოს მხრიდან ელოდებიან დაფინანსების გაზრდას, რაც ამ დროისთვის 10%-იან დაფინანსებას მოიცავს“, – აცხადებს მაისურაძე.
მისი თქმით, ფასი არ გაზრდილა და კვლავაც 1 კვადრატულის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. ავთანდილ მაისურაძემ მზის საწინააღმდეგო ბადეებზეც ისაუბრა და გააცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ მხრივ სიახლე არ აქვთ, მაგრამ სამომავლოდ მის წარმოებასაც გეგმავს.
„იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ფერმერებს დაფინანსებაში მიეხმარება და ხელს შეუწყობს და ეს ავტომატურად ჩვენი პროდუქციის რეალიზებაზეც აისახება, შევძლებთ როგორც მზის საწინააღმდეგო ბადეების წარმოებას და ასევე გეგმაში კარტოფილისა და ხახვის ბადეების წარმოებაც გვაქვს“, – განაცხადა ავთანდილ მაისურაძემ.