საქართველოში ონლაინ უნივერსიტეტის მოდელი 2026 წლამდე შემუშავდება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა.
კანონპროექტის მიღების შედეგად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ელექტრონული სწავლების მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად.
ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას.
მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა განმარტა, ცვლილების თანახმად, გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, სკოლებში საბაზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და გახდება ოთხწლიანი, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2 წლიანი იქნება.
„მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 10 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისი თქმით, სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების დამატებას, რომელიც აკონკრეტებს ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს.