დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო “რთველი 2024”-ს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ იციან დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო 2024 წლის რთველს.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ BM.GE-ს განუცხადა.
ის თვლის, რომ სუბსიდირება კარგი არ არის, დარგს სუბსიდირება არ უნდა სჭირდებოდეს.
„ვერ ვიტყვი [იქნება თუ არა სუბსიდირება], თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღვინოს, ყურძნის მწარმოებელ კომპანიებს არ დასჭირდეთ სუბსიდირება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მევენახე-ფერმერებს, თუმცა თუ იქნება საჭირო შევალთ სუბსიდიით, თუ არ იქნება საჭირო – არ შევალთ. გააჩნია საჭიროებებს. სუბსიდირება რა თქმა უნდა კარგი არა რის. დარგს არ უნდა სჭირდებოდეს სუბსიდირება“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა. ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა.