ოფშორების კანონი ტოტალურად არაგამჭვირვალეა – პრეზიდენტი
ოფშორების კანონი ტოტალურად არაგამჭვირვალეა, რომელიც ქვეყანას უცნობი კაპიტალისთვის ხსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსულ კანონზე“ ფოკუსირების ფონზე საჭირო ყურადღების მიღმა დარჩა სხვა კანონები, რომელიც პარლამენტმა „სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით“ მიიღო.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.
მაგალითად, „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.
ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.
მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”, – აცხადებს პრეზიდენტი.