პანკისის ხეობის მაცხოვრებლების ნაწილი პატრიარქს შეხვდა
საპატრიარქოში პანკისის ხეობის მცხოვრებლებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საპატრიარქოს პრესსმსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პანკისის ხეობის მავხოვრებლები 21 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამო დიდ წუხილს გამოთქვამენ და ისინი ამ ფაქტს ძმათა შორის გაუგებრობას უწოდებენ.
„მათი მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა იყო გადაცდომა და შეცდომა. იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენი ხალხის ტრადიციული მეგობრობის გამოცდილება ამ იარას მოაშუშებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პრობლემას სიყვარულით უნდა მოვერიოთ და ამაში, შორს მიმავალი წინააღმდეგობები არ უნდა დავინახოთ“- განაცხადა მამა ანდრიამ.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ნონა ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენები იყო ძალიან დიდი დანაშაული და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.
„პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და მან აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და მსგავსი რამე არ შეიძლება ჩვენს შორის მოხდეს, არ უნდა დავუშვათ ასეთი რამ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე. უფლება მოგვცა, მივმართოთ მთავრობას წერილობით და ჩვენ მივმართავთ. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი მხრიდანაც და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. იმისთვის, რომ არ გამწვავდეს ვითარება, აუცილებლად უნდა შეწყდეს გამოძიება“,-აღნიშნა ნონა ხანგოშვილმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივები და სამართალდამცველები ერთმანეთს რიგით მესამე ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების გამო დაუპირისპირდნენ. ვითარება ხეობაში განსაკუთრებით სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა, ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რის გამოც სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი და 17 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სამართალდამცავები და ადგილობრივები.
პანკისის სათემო რადიოს ფოტო
ნიკოლოზ ესიტაშვილი