,,უფასო პური”- თელავში ახალგაზრდამ დაბადების დღის აღნიშვნა ქველმოქმედებით ჩაანაცვლა
“უფასო პური” – სოციალური ხასიათის აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ვალერი ბოჭორიშვილმა გამართა.
მან დაბადების დღის აღნიშვნა ქველმოქმედებით ჩაანაცვლა.
ახალგაზრდამ საკუთარი ინიციატივით იმ მოქალაქეების დახმარება გადაწყვიტა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ცენტრალურ მოედანზე მან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემა აქვთ, პური უფასოდ დაურიგა.
,,ყველაფერი პანდემიის და ლოქდაუნის დროს დაიწყო, როცა სხვებს ვეხმარებოდი ამ საქმეების კეთებაში და მოხუცებთან მიმქონდა მათი მოცემული საკვები, პროდუქტი, პური თუ სხვა. მერე მეც ყველაფრის გაკეთება ჩემით დავიწყე, ჩემი ხარჯებით. პირველი ასეთი აქცია იყო შარშან, 31 დეკემბერს და მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე მსგავსი აქცია. როცა მაქვს საშუალება მაშინ ვაკეთებ. ახლაც ასეთი აქციის გაკეთება გადავწყვიტე”,- განუცხადა knews.ge-ს ვალერი ბოჭორიშვილმა.