ახალი ამბები

ლოტბარი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ლოტბარი და თელავის საპატიო მოქალაქე, ანდრო სიმაშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის წლების განმავლობაში მღეროდა ფირუზ მახათელაშვილის გუნდში, ხელმძღვანელობდა ანსამბლ “ართანას”, ხალხურ სიმღერას ასწავლიდა ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდს, იყო ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი, მინიჭებული ჰქონდა ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის წოდება.

ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებას სოცუალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი უშიკიშვილი:

,, კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი წავიდა. მადლობა მას, ღირსეული ცხოვრებისთვის”, – წერს მომღერალი.

2019 წლის 6 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ, ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ლეგენდარული ლოტბარი და პედაგოგი , 1923 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში დაიბადა.