ნიკა გვარამია და “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ, – აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის გერენალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გვარამიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ომში მარტო არ იქნება.

„მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას, ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად.

მოწინაღმდეგე „რუსთავი 2“-ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში.

ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, – დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანიის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებიც. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2”-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.

ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია.

მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. 

სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება “კურიერის” და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *