ახალი ამბები

პანკისელები საქართველოს პატრიოტები არიან

პანკისში მიმდინარე მოვლენებს სამოქალაქო საზოგადოება უარყოფითად აფასებს.  მოქალაქეები  მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ მშვიდობიანი აქციის დაშლის მიღებული გადაწყვეტილება რეგიონში დაპირისპირებას უწყობს ხელს.  პანკისის მკვიდრი ისლამ პანკისკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს:

„იმ ადამიანების კატეგორიას მივმართავ, რომლებიც მოგვიწოდებენ ჩვენს სამშობლოში დაბრუნებას. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები და ასევე მოქალაქეები, დაახლოებით სამასი წელია აქ ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ეთნიკურ უმცირესობებში ყველაზე მეტად ინტეგრირებული უმცირესობა. თქვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო. ჩვენ ყოველთვის გვაწუხებს ამ ქვეყნის ბედი, და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ შეძლებისდაგვარად ჩვენი სამშობლოს წინსვლის პროცესში. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაიხსენებს ქისტების ღალატს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ჭოხონელიძე:  ქართველებს და ვაინახებს ერთი წინაპარი გვყავს. ერთი მამიდან მოვდივართ. მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა ჩვენ შორის, დაპირისპირება-ომი. არასდროს ყოფილა. ადათ წესები, ერთიანი, კავკასიური გვაქვს. საუკუნეებია ძმური მეზობლური ურთიერთობაა და ვერავინ შეძლო ჩვენი ურთიერთ დაპირისპირება და ვერც შეძლებს. “

პოლიტოლოგი გიორგი კანაშვილი მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნავს,  „და მაინც, როგორ გახდა პანკისი განსაკუთრებული, პრობლემების შემქნელი რეგიონი? ჩემი აზრით, საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა ხელისუფალი პანკისისა და პანკისელების გამოყენებას ცდილობდა სხვადასხვა პოლიტიკურ, დავაზუსტოთ – გეოპოლიტიკურ, თამაშებში; რამაც ლოგიკურ შედეგებზე გაგვიყვანა. 

აი, გთავაზობთ, ამ უთავბოლო პოლიტიკის გარკვეულ ეპიზოდებს:
-გელაევის და მისი ჯგუფის გადასროლა აფხაზეთში; ანუ ჩეჩნებისა და პანკისელების გამოყენება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიზნით;
-სააკაშვილის მიერ რამოდენიმე ჩეჩენის გადაცემა რუსეთზე, რუსების გულის მოსაგებად – 2004 წელს;
-იგივე სააკაშვილის მიერ პანკისისა და პანკისელების გამოყენების მცდელობა რუსეთის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთთან ფლირტი ჩაიშალა; ამ მიდგომის ყველაზე მტკივნეული, გვერდითი, შედეგი – ლაფანყურის ამბები;


-„ქართული ოცნების“ ჩუმი თანხმობა პანკისელების სირიაში წასვლაზე, სანამ სირიული ოპოციზია დემოკრატიისთვის იბრძოდა; მოგვიანებით, გვირჩიეს და ჩვენი პოზიციაც მყისიერად შეიცვალა;
ამასთანავე – ნაციონალური მოძრაობა სალაფიტური თემით ცდილობდა ხეობის გაკონტროლებას, ქართული ოცნება კი ე.წ. ტრადიციონალისტთა მეშვეობით.
აი, ასეთი ზიგზაგებით მოვდივართ დღემდე და რატომ გიკვირთ, რომ პანსკისში ხელისუფლებას არ ენდობიან?! ამასთანავე, როგორც ყველამ ვიცით, ხეობაში ხშირად ამოყოფენ ხოლმე თავს – სხვადასხვა ქვეყნების ემისრები და გავლენის აგენტები. 


ეხლა რა არის გამოსავალი? გასაგებია, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ უსაშველოც არაფერია. პანკისელები საქართველოს პატრიოტები არიან და ეს საქმით არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება მოეშვას მათ მანიპულაციას და გამოყენებას; მოეშვას დაშინებას და სპეც.სამსახურებით სიტუაციის მართვას; გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე; დანარჩენი დალაგდება ყველაფერი ნელა-ნელა და მშვიდად. ყველაფერი ძალიან მარტივია, თუ არის ნება!“