ახალი ამბები

„ვგმობთ პანკისის აწიოკებას“ – კავკასიური სახლის განცხადება

სამოქალაქო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი” პანკისში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  „კავკასიური სახლი” აპროტესტებს „ქართული ოცნების” მიერ პანკისის აწიოკებას, იქ სპეციალური რაზმების შეყვანას, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, მოსახლეობის მასიურად მოწამვლასა და დარბევას.

„ჩვენ ვგმობთ ამ აღვირახსნილ ძალადობას! როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის. პარლამენტში წარმოდგენილი მილიონერთა კლასი და მთავრობაში განფენილი ბიზნესჯგუფები საქართველოს დედაქალაქსაც და რეგიონებსაც, ჩვენს უნიკალურ ბუნებას (რომლის მეტი მათი წყალობით აღარაფერი დაგვრჩა) თავიანთი უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფრად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ის ე.წ. ენერგეტიკული პოლიტიკა იქცა, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ გააათმაგა; პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ლამის ყველა მდინარისა და შენაკადის გაყიდვა-დაგუბება -მოსპობას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია “კავკასიური სახლის” განცხადებაში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, დიდი ხანია, ჩვენი მოქალაქეების პროგრესული ნაწილი, მიუხედავად მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკისა, დაღლილობისა და გამოფიტვისა, რაც თავს დაგვატეხეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, – აპროტესტებს საქართველოს მდინარეების გაყიდვასა და დაგუბების გეგმას, ბუნების მომსპობი, უზარმაზარი, ხიფათების შემცველი გიგანტური ჰესების მშენებლობას:

“მაგრამ აგონიაში მყოფი, მატყუარა „ოცნება“, თავისი სიძაბუნისა და ეკოლოგიური გაუნათლებლობის დასაფარავად სულ უფრო ხშირად მიმართავს არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც თავის საცხოვრისს: თავისი შვილების სიცოცხლეს, თავის სახ-ლკარსა და ბუნებას იცავს მისი მსახვრელი ხელისაგან”, – წერია განცხადებაში.

“კავკასიური სახლი” „ქართულო ოცნებას” “ისტორიულ დამნაშავეს უწოდებს” ბავშვების მასობრივი შიმშილისა და სიკვდილიანობის, დაუცველი მეშახტეებისა და მუშების მასობრივად მოსპობის, საყდრისის, ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ფუნდამენტური გამრუდების გამო.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად!მოვუწოდებთ ყველას სიტყვით და საქმით დავუდგეთ გვერდით ამ გმირ ხალხს!”

„კავკასიური სახლის“ სახელით განცხადებას ხელს აწერენ მწერალი ნაირა გელაშვილი და პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.