გახარია – პანკისში ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს

პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრსა და აქციის მონაწილეებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დასრულდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ჰესის მშენებლობა შეჩერდა. მისივე თქმით, ჰიდროელექტროსადგური იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობის 90% მხარს დაუჭერს.
“ქვების სროლა არ არის გამოსავალი. ყველა ის ადამიანი, რომელმაც იძალადა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამშრომლებზე, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს. ამ ეტაპზე შეგიძლია ვთქვათ, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერებულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს დილიდან პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებს ადგილობრივები ქვებს ესროდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 15 სამართალდამცავი და 12 ადგილობრივი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *