პანკისში დაპირისპირების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს დაახლოებით 45 ადამიანია დაშავებული. მისივე ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 სამართალდამცავი გადაიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამედიცინო დახმარება ჯამში 35 ადამიანს გაეწია.
თალაკვაძის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები დაახლოებით 15 დაშავებულს საავადმყოფოში კიდევ გადაიყვანენ.
“ჯამში, ჩვენი ეკიპაჟები მოემსახურნენ 35 ადამიანს, მათ შორის, 13 ადამიანი გადმოიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მათ აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმები და უტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევები. ხორციელდება კიდევ 15 ადამიანის გადმოყვანა. ასევე ორი ადგილობრივი გადაყვანილია ახმეტის საავადმყოფოში და გაეწიათ შესაბამისი დახმარება. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 ადამიანი რჩება და დამატებით კიდევ უახლოეს საათებში შემოვლენ პაციენტები, რომლებსაც ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ყველა პირი სამართალდამცავია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია”, – განაცხადა თალაკვაძემ.