ახალი ამბები

,,კახეთში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდის რისკი არ არსებობს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდის რისკი არ არსებობს.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 4 წლის მონაცემებით, შემცირებულია როგორც დადებითი, ასევე რთული ფორმით ინფიცირების შემთხვევებიც.
,,ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაავადების რიცხვი მცირდება. 2017 წელს კახეთის რეგიონში აღნიშნული დაავადებით 220 პაციენტი იყო რეგისტრირებული, 2018 წელს -186, საიდანაც პაციენტების 70%-ს დადებითი ფორმა ჰქონდა.
ტუბერკულოზის რეზისტენტული და ყველაზე რთული ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, წლების მიხედვით იკლებს: 2015 წელს გვყავდა 16 პაციენტი, 2016 წელს – 18, 2017 წელს 24 და 2018 წელს 10 პაციენტი.
რაც შეეხება ბავშვთა ასაკს, ამ მიმართულებითაც გვაქვს კლება, 2015 წელს აღნიშნული დაავადება დაუდგინდა 19 ბავშვს, 2016 წელს 12 ბავშვს, 2017 წელს- 14 და 2018 წელს- 4, საიდანაც ორი ფილტვის ტუბერკულოზით და ორი ფილტვგარეშე ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
მიმდინარე წელსაც არ შეიმჩნევა მატება, სრული მონაცემები წლის ბოლოს გვექნება, რადგან ისეთი დაავადებაა, რომ მონაცემები ყოველ თვეს ვერ გვექნება. ჩვენთან სულ ჩატარდა 900 ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის 93 იყო დადებითი’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.