ახალი ამბები

ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

თელავში, ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.

შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიისა და ამფითეატრის რეაბილიტაციას, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას და სხვა სამუშაოების განხორციელებას. მერის ვარაუდით, სამუშაოები 1 ივნისისთვის დასრულდება.

,,შარშან სტიქიის გამო დაზიანდა ნადიკვარზე არსებული ამფითეატრის სახურავი. სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება დასრულებულია უკვე. სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება და უახლოეს პერიოდში რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ ტენდერს.

ვაპირებთ მთლიან ტერიტორიაზე ე.წ. ძველი ბესეტკების აღდგენას და კეთილმოწყობას, პარკის ტერიტორიის რეაბილიტაციას და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას. იცით, რომ პარკში დააზიანეს არსებული ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, კონტროლის მიზნით ტერიტორია აღჭურვილი იქნება სათვალთვალო კამერებით.

ამ ეტაპზე სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 400 000 ლარი, თუმცა თანხა შესაძლოა გაიზარდოს. შევეცდებით, 1 ივნისისთვის მოვასწროთ სამუშაოების დასრულება და პარკის სეზონის გახსნა’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” შოთა ნარეკლიშვილმა.