ევროკავშირის ელჩმა პანკისის ხეობაში სოფლის განვითარების ახალი პროექტი გახსნა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარადგნა და ახალი პროექტის ,,ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო. ევროკავშირის დახმარებით პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (Action Against Hunger).
ამავე დროს ევროკავშირის ელჩი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს და მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სასაწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.
ელჩი ხეობაში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა პანკისის ხეობაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პოტენციალის გაძლიერების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო- სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.