გიორგი ბოტკოველი – დავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსავჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, დავით კირკიტაძაძის სასამართლო პროცესზე დღეს 15 000 ხელმოწერას წარადგენენ და მისი თავდებით გათავისუფლებას მოითხოვენ.
მისივე თქმით, კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ის საგამოძიებო ორგანოსთან ყოველთვის თანამშრომლობს.
“არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის, გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან, სასამართლოში მივიდეს, პროკუტურას ჩვენება მისცეს. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე 15 000-ზე მეტი ხელმოწერას წარვადგენთ. ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებას არ დაემალება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ წინა სხდომაზე დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის დაკავებულ წევრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კირკიტაძე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი