ახალი ამბები

მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

კირკიტაძემ მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და სასამართლო დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა. გამოძიება ნაციონალური მოძრაობის დაკავებულ წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვება ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. მათ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, უსაფუძვლოა კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების არგუმენტი მისი მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით.

„სასაცილოა, რომ დავით კირკიტაძის მიმალვის საფრთხე არსებობს. თითქოს არსებობს საფრთხე, კირკიტაძე საზღვარგარეთ წავიდეს და აღარ დაესწროს სასამართლო სხდომებს. ეს იყო საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში დატოვეს. ვისაც სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა გურჯაანის სასამართლოში მიღებული, ღმერთმა გაგიმარჯოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტანი ხართ ასეთი. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღმერთმა შეგარგოთ „ზონდერები“, გეგეშიძეები, რომლებიც ჯაჭვით სცემენ ხალხს. არავის ციხეში ყოფნა არ გამიხარდება, მაგრამ თანამდებობაზე ჰყავთ დღესაც გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციაში. რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო ძალიან მალე და მწარედ დამარცხდება”, –განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კირკიტაძე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი