ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლოში ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს არ ესწრებიან მელია და ვაშაძე. 
ბრალდების მხარე, ოპოზიციონერებს 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავება.
წინა პროცესზე მოწმის სახით ის პოლიციელები გამოიკითხნენ, რომლებიც ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ის ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა, რომელშიც პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერები მათ მიმართ ძალას იყენებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
საქმეზე ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახით 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს. მოსამართლე დევი დევიძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი