,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” დედოფლისწყაროში 384 000 ლარი დაიხარჯება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის 384 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ გამოავლინა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოგვარდება.
,,ჩვენ მუნიციპალიტეტის 15 სოფელში მოსახლეობასთან გავმართეთ შეხვედრა, რომლის დროსაც ადგილობრივებმა იმსჯელეს და გამოავლინეს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც წელს ,,სოფლის დახმარების პროგრამის ” ფარგლებში უნდა მოგვარდეს. სოფლებში ძირითადად ითხოვენ ქუჩების კეთილმოწყობას, გარეგანათების სისტემის მონტაჟს, სასაფლაოების შემოღობვას, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, სპორტული ტრენაჟორების მონტაჟს, ჭაბურღილების, ბავშვთა გასართობი ტრენაჟორების, სპორტული დარბაზებისა და სოფლებში რეკრეაციული ზონების მოწყობას, გზების მოხრეშვასა და სხვა. გარდა იმისა, რომ მთავრობამ თითოეულ სოფელში გამოყოფილი თანხა გააორმაგა, გამოვლენილი პრობლემების მოგვარება ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება. გასამმაგებული თანხით კი მოგვარდება ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებმა შეხვედრებზე წამოაყენეს”, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.