რეგიონული განვითარების ფონდიდან საგარეჯოში 7 პროექტი განხორციელდება
მიმდინარე წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 7 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. მერიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.
“სულ განხორციელდება 7 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ქალაქ საგარეჯოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის, სარაჯიშვილისა და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია. თამარ მეფის ქუჩაზე ასევე მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრეები. სოფელ კაკაბეთში განხორციელდება სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი, სოფელ ხაშმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა საავტომობილო გზას და სკოლასთან მისასვლელ გზაზე ქვაფენილი დაიგება. მანავში ერთ-ერთ უბანში მოეწყობა ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე ხუთ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 5%-ით თანადაფინასებაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაც შევა“- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.