ახალი ამბები

კახეთში გრიპის ვირუსის სიმპტომით სამედიცინო დაწესებულებებს 956-მა პაციენტმა მიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში რეგიონში გრიპის ვირუსის სიმპტომით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 956-მა პაციენტმა მიმართა.

ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში წინა კვირისგან განსხვავებით გრიპის შემთხვევები შემცირებულია.
მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში გათავსებულ ამბულატორიებში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის საწინააღმდეგო წამლის ,,ტამიფლუს“ მარაგი აქვთ და პირს, რომელსაც H1N1-ის ტიპის ვირუსი აქვს, აღნიშნულ მედიკამენტს და სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებს.
,,კახეთის რეგიონში წინა კვირის შედეგების მიხედვით გრიპის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ორი კვირის წინ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 1091 იყო, ახლა კი მისი რაოდენობა შემცირებულია და მათი რიცხვი 956-ს შეადგენს. რაც შეეხება ,,ტამიფლუს“ მარაგებს, ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს. ამ კუთხით გვაქვს სამი მიმართულება: ერთია სტაციონარში მყოფი პაციენტები, რომლებზეც ვალდებულება აქვს სტაციონარის მენეჯმენტს, რომ მათ ტამიფლუ უფასოდ მისცენ პაციენტებს. რაც შეეხება ამბულატორიულ პაციენტებს, ესენი იყოფიან ორ ჯგუფად: პირველია პაციენტები, რომლებიც შეადგენენ რისკ ჯგუფებს: ესენი არიან ორსულები, ბავშვები 0-დან 18 წლამდე, ხანდაზმულები, ქალები 60 და კაცები 65 წლიდან, ქრონიკული დაავადებების მქონდე და ონკოლოგიური პაციენტები, მათთვის ტამიფლუს მარაგი დევს მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში. რაც შეეხება 18-დან 60 წლამდე პაციენტებს, რომლებიც არიან ჯანმრთელები, გრიპის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ექიმის რეცეპტით მივიდნენ რაიონში მდებარე შემდეგ სააფთიაქო ქსელებში: პსპ, ავერსი, ფარმადეპო, სახალხო აფთიაქი და ჯი პი სი, სადაც უფასოდ მიიღებენ წამალს“,-განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რაიონულ ფილიალებში გრიპის საწინააღმდეგო წამლის ,,ტამიფლუს“ მარაგი 12 იანვარს შეივსო და ამ მიმართულებით გართულებას არ ელოდებიან.
,,არანაირი შეფერხება არ გვაქვს არც წამლის გაცემაზე და არც მის მარაგზე. თუ ვინმეს სადმე უარი უთხრეს ,,ტამიფლუს’’ მიცემაზე, შეუძლია დაგვირეკოს და პირადად მე განვიხილავ და მოვაგვარებ ამ საკითხს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.