არჩევნებიახალი ამბები

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავში აქციის გამართვასთან დაკავშირებით მერიას მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავში საპროტესტო აქციას 900 წლიან ჭადარსა და ერეკლე მეორეს ძეგლს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავს. როგორც knews.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, აქციის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია თელავის მერიას, საპატრულო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიაწოდეს. გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, აქცია ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს.
„16 დეკემბერს ისტორიული ჭადარსა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის მდებარე მოედანზე გავმართავთ მშვიდობიან მანიფესტაციას. შესაბამისი დოკუმენტები უკვე ჩავაბარეთ თელავის მერიას, საპატრულო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მათ აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. აქცია 14:00 საათზე დაიწყება. მანიფესტაციას დაესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეები. აქცია იქნება მშვიდობიანი და ხელს არ შეუშლის დაგეგმილ ღონისძიებას. ჩვენ გავაპროტესტებთ მოსახლეობის მასობრივი მოსყიდვის, დაშინებისა და ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
16 დეკემბერს, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა