ზურაბიშვილი – თელავში დავმარცხდი და აქ ინაუგურაციის ჩატარებით მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გამოეხმაურა თელავში ინაუგურაციის ჩატარების თემას. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ის არჩევნების ოროვე ტურში თელავში დამარცხდა და ამ გადაწყვეტილებით სურს გამოხატოს, რომ ყველას პრეზიდენტია.
“თელავში დავმარცხდი, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, ინაუგურაცია თელავში გაიმართება. უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 59 %-მა მისცა ხმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *