თელავში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა
თელავში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა.
აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც თელავის მერიის დაქვემდებარებაში იქნება, აქტიურად მუშაობას 2019 წლის დასაწყისიდან დაიწყებს და მისი მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების უფლებების დაცვა იქნება.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლის“ ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე თვითმმართველობასთან ერთად მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.
,,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თელავში კრიზისული ცენტრი გაიხსნა. ის აქტიურად ფუნქციონირებას მომავალი წლიდან დაიწყებს. ეს ცენტრი იხსნება ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. კრიზისული ცენტრი იქნება მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დავძლევთ ოჯახში ძალადობის პრობლემას,‘’- განუცხადა Knews.ge-ს რუსუდან ფხაკაძემ.
ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მნიშვნელობაზე მიუთითებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილეც. თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში მსგავსი ორგანიზაციების მუშაობა ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლი პირების უფლებების დაცვას და მათი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას.
,,ასეთი ტიპის სერვისი არის პირველი ინსტანცია, სადაც უნდა მივიდეს პირი, რომელსაც აქვს ოჯახში ძალადობის პრობლემა. მას იქ მოემსახურებიან ფსიქოლოგები, იურისტები, სოციალური მუშაკები და ეს მთელ რიგ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს. ასეთი სერვისის მუშაობა არის გზავნილი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომ მათი პრობლემა არის სახელმწიფოს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა და ჩვენ მათ გვერდით ვართ’’, – აცხადებს თამარ საბედაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე განმარტავს, რომ მერია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
,,ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა მნიშვნელოვანი თემა არამარტო კახეთისა და თელავისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ამის წინაღმდეგ კამპანიაში ჩართვა პატივია და ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს, მათ გამოვუყავით ფართი და დარწმუნებული ვარ, წარმატებულად გაართმევენ თავს და შეებრძოლებიან ამ პრობლემას’’,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
კრიზისული ცენტრი ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში გახსნა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი