რუისპირში მომხდარი ავარიის საქმეზე ავტომობილის მძღოლს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ რუისპირში მომხდარი ავარიის დროს მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, მიმდინარე წლის 13 ივლისს მოხდა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში მართავდა „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილს და ახმეტიდან თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივა“-ს მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო უ.ნ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.თ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *