რა პრობლემები ექმნებათ შშმ პირებს არჩევნებზე

ცესკოს მონაცემების მიხედვით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა ყოველი არჩევნების დროს იზრდება, თუმცა სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეები კენჭისყრის დღეს შექმნილ პრობლემებზე ისევ საუბრობენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თქმით, ზოგიერთი საარჩევნო უბანი ისეთ შენობებშია განთავსებული, რომ მათი ადაპტირება შეუძლებელია.
მათი განმარტებით, ადაპტირებული საარჩევნო უბნების გაზრდა ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს რეალურ ხელიმისაწვდომობას. შშმ ამომრჩევლები აცხადებენ, რომ პრობლემები, რომელიც მათ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მისვლისას ექმნებოდათ, თითქმის იდენტურია.
,,ძალიან მინდა საარჩევნო უბანზე თავად მივიდე და მივცე ხმა სასურველ კანდიდატს, მაგრამ უბანი ორსართულიან შენობაში მეორე სართულზეა განთავსებული და შეუძლებელია მისი ადაპტირება. კარგი იქნებოდა, საარჩევნო უბანი განთავსებული იყოს ისეთ ადგილას, რომ შევძლოთ დამოუკიდებლად მისვლა და გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა არ გვიწევდეს’’,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ეტლით მოსარგებლე ლელა გეგეშიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ცესკოს ცნობით, კახეთის რეგიონის 8 ოლქში განთავსებული 309 საარჩევნო უბნიდან, 64 მარტივად ადაპტირებულია, ხოლო 45 მათგანი კი პანდუსიანია.
თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოლქში შექმნილი 54 საარჩევნო უბნიდან, შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ 17-ია.

გიორგი კალმახელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ უბანზე ამომრჩეველი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია და კენჭისყრის შენობის მდებარეობიდან გამომდინარე მისი ადაპტირება ვერ ხერხდება, მოქალაქესთან მითითებულ მისამართზე მიაქვთ გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომლის მეშვეობითაც მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა.

მისივე თქმით, მხედველობის პრობლემის მქონე და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვს საარჩევნო უბნებზე შესაბამისი გარემოა, რათა მათ დაბრკოლების გარეშე მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი.
საარჩევნო უბანი, რომელსაც არ აქვს პანდუსი, მარტივად ადაპტირდება საპანდუსე ნაგებობით. გარდა ამისა, ჩვენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ვასწავლით მათთან ურთიერთობის დროს რა მიდგომები, სტანდარტები და ტექნოლოგია გამოიყენონ, რაზე შეიკავონ თავი და ა.შ. შშმ პირებისთვის ასევე ცესკოს საიტია ადაპტირებული, სადაც ყველა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არის გამადიდებელი სპეციალური ლინზები ჩარჩო ფორმის, ასევე სმენადაქვეითებულებისთვის სპეციალური საინფორმაციო პლაკატები და პოსტერები, რათა მათ იცოდნენ უბანზე მისვლისას რა გააკეთონ. საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია მყარდება ასევე წერილობითი ფორმით. თუ უბანზე ვიცით, რომ შშმ პირია, ვცდილობთ მის ადაპტირებას, იმ შემთხვევაში თუ რთული შენობა-ნაგებობაა, ან საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა და ვერ ხერხდება მისი ადაპტირება, ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს, რომ მათთან მივიდეს გადასატანი საარჩევნო ყუთი’’,– აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი კალმახელიძე.
,,სამართლიანი არჩევნების“ იურისტის, თათია ქინქლაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურდ იზრდება შშმ პირებისათვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რიცხვი, ამ მიმართულებით მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც დროულად უნდა მოგვარდეს.
,,საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უბნები უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუ ასეთი შენობა-ნაგებობები არ არსებობს, უნდა გამოიყოს ისეთი შენობა, სადაც შესაძლებელია, რომ ყველა ამომრჩევლის საარჩევნო უფლება იყოს დაცული. იზრდება თანდათან ადაპტირებული უბნების რიცხვი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ შეისწავლონ ადაპტირებულ უბნებში არსებული მდგომარეობა. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გამოიკვლიონ, თუ რამდენად არის ადაპტირებული საარჩევნო უბნები და აქვთ თუ არა შესაძლებლობა შშმ პირებს ისარგებლონ აქტიური საარჩევნო უფლებით. ცესკოს მიერ მიღებული რეგულაცია განსაზღვრავს წესს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ზედა კიდურების არქონის გამო პრობლემები აქვთ ხმის მიცემის დროს. აღნიშნული დადგენილება ამ მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ მარკირების შემოწმების გარეშე მისცენ ხმა. მთლიანობაში კი მაინც პრობლემას წარმოადგენს ადაპტირებული უბნების რაოდენობა და რიცხვი. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ ყველა ამომრჩეველს მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებობა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ უბნის ადაპტირების მიუხედავად, მაინც შეეზღუდათ შშმ პირებს საარჩევნო უფლება’’, – განუცხადა Knews.ge-ს თათია ქინქლაძემ.

ავტორი: მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *