ახალი ამბები

ენმ – ყვარლის მერიის მიერ ჩატარებული უფასო სამედიცინო აქცია არის ამომრჩევლის მოსყიდვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მიერ 19 ოქტომბერს ჩატარებულ ერთობლივ უფასო სამედიცინო აქციას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.
აქციის ფარგლებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო ბავშვთა და მოზრდილთა ნევროპათოლოგის, მამოლოგის, კარდიო ქირურგის კონსულტაცია და ჩაეტარებინა ზოგადი კარდიოლოგიური კვლევები.
„ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, მოისყიდოს მოსახლეობა. მსგავსი უფასო სამედიცინო აქციებით მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს, თუმცა ეს არაფერს აღარ ნიშნავს მოსახლეობისათვის. 28 ოქტომბერს ხალხი ამ ხელისუფლებას აუცილებლად მკაცრად გასცემს პასუხს“, – განუცხადა Knews.ge-ს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.
სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული სამედიცინო აქცია შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
„თუ სამედიცინო აქციის დროს ამომრჩევლებთან მიმდინარეობდა აგიტაცია კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, მაშინ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ მხოლოდ სამედიცინო აქცია იყო და აგიტაციის ფაქტები არ დაფიქსირებულა, მაშინ რთულია ვისაუბროთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად შევისწავლით“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნინო რიჟამაძემ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი