არჩევნებიახალი ამბები

კუკავა – ის, რაც დღეს არსებობს მუნიციპალიტეტების სახით, არის ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ბუღალტერია

“ის, რაც დღეს არსებობს მუნიციპალიტეტების სახით, არის ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ბუღალტერია”, – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა knews.ge-ს კითხვის პასუხად, რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. კუკავას შეფასებით, თვითმმართველობა საქართველოში არ არსებობს, რაც ქართულ სახელმწიფოს კლავს. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით აუცილებელია ფინანსური დეცენტრალიზაცია.
„ერთ-ერთი, რაც ქართულ სახელმწიფოს კლავს და ალპობს მის სახელმწიფოებრივ სხეულს, ეს არის თვითმმართველობის არარსებობა. თვითმმართველობები, რომლებიც დღეს არსებობს, არ არის თვითმმართველობა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. კახეთში რომ დაიბაროს გუბერნატორმა ან მთავრობის უფლებამოსილმა პირმა რეგიონის ნებისმიერი მუნიციპალიტეტის არჩეული მერი და მოსთხოვოს გადადგომა, ის დაწერს განცხადებას. უპირველესი პრობლემა, რაც არის თვითმმართველობის პრობლემა, არის ფინანსური დამოკიდებულება ცენტრზე. რეალურად დღეს თვითმმართველობის ბიუჯეტს წერს ცენტრი, ეს პარამეტრები თანხმდება ფინანსთა სამინისტროსთან. უკვე დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში თვითმმართველობამ აქაური ხარჯები უნდა გასცეს. თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობა და ქონების განკარგვა აუცილებელია, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ამ კუთხით განვითარდეს“, – აღნიშნა კუკავამ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი