არჩევნებიახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა თელავის ამომრჩეველს შეხვდა

პარტია ,,თავისუფალი საქათველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი თელავში ამომრჩეველს შეხვდა.

კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საბანკო-სამევახშეო და იმიგრაციის პრობლემის მოგვარება, მარიხუანას ლეგალიზაციის ხელშეშლა, ოჯახური ფასეულობების დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობა საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია.
,,ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ გაგრძელდეს მასობრივი იმიგრაცია თბილისა და ბათუმში. ეს საკითხი მალე ყველა დიდი ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩემი დაპირებაა და ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელიც ამაზე საუბრობს, რომ არ დავუშვებ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოში. ჩემი დაპირებაა, რომ დავიცავთ ოჯახურ ფასეულობებს, რაც გარედან თავს მოხვეულ სხვადასხვა ლიბერალურ ღირებულებას და ლგბტ პროპაგანდას დაუსვამს წერტილს. ასევე ვგეგმავთ საბანკო-სამევახშეო ოფიციალური ძარცვისთვის წერტილის დასმას’’,- განაცხადა კახა კუკავამ.
პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, ,,ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წლიანი ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში მესამე ძალის მოსვლაა.
,,ორივე მხარე სიმართლეს ლაპარაკობს ერთმანეთზე, მაგრამ ეს არის ჩიხი. ამ ექვსწლიანი ჩიხიდან გამოსავალი არის მესამე ეროვნული ძალა, რომელიც არც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას დაუშვებს და არც ქართული ოცნების დანაშაულებებს გააგრძელებს ‘’,- განუცხადა knews.ge-ს კახა კუკავამ.
კუკავამ ამონრჩეველთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,აუცილებელია ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამ ხელისუფლების ყურადღების სფეროში საერთოდ არ მოექცა. მათ შორის კახეთისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა არის სოფლის მეურნეობის მოსავალზე სტაბილური ფასები. ჩვენ ვიცით, რომ წელს რთველზე შეწყდა სუბსიდირება და პირველად ბოლო წლების მანძილზე, 1 კილოგრამი ღირდა 70 თეთრი. ემბარგოს პერიოდის შემდგომ ასეთი დაბლი ფასი თეთრ ყურძენზე არ ყოფილა. როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდა, რომ სირცხვილია 1 ლარი იყოს ყურძნის ფასი. დღეს ეს ფასი კახელ გლეხს სანატრელი გაუხდა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა ვუზრუნველყოთ პოსტსაბჭოთა ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნება, რათა ქართულ ყურძენზე იყოს ის ფასები, რაც არის მსოფლიო ბაზარზე’’, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი