დავით უსუფაშვილი – ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა

ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა, – განაცხადა ,,შენების მოძრაობის„ პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების ნაცვლად, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის დაყოფაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამავე დროს ხელს უწყობენ მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. მისივე განცხადებით, მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა უნდა.
,,მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს ფაშისტებს, მოღალატეებს და სისხლით ხელებდასვრილებს უწოდებენ. ისინი ამას უწოდებენ არა მარტო ერთმანეთს, ასევე მხარდამჭრებსაც. ასე სახელმწიფოს კი არ ავაშენებთ, ჩავაბარებთ ჩვენს მტრებს. თუ ასე გაგრძელდა ,,ოცნების’’ და ,,ნაცმოძრაობის’’ პაექრობა და მათ საქართველო გაიხადეს ბრძოლის ველად, სადაც უნდათ რაღააცეებს მიაღწიონ, ასე წინ ვერ წავალთ. ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, სოლიდური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, თუმცა როგორც დღეს მოვლენები ვითარდება, შესაძლებელია საპარლამენტო არჩევენების უფრო ადრე ჩატარებაც, რადგან ვხედავთ, რომ ხელისულუფლება დაბნეულია და ვერ უმკლავდება თავის საქმეს’’, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უსუფაშვილმა მოქალაქეებს თავდაცვის და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკის, განათლების, ნარკოპოლიტიკასა და გარემოს დაცვის საკითხებზე თავისი ხედვა გააცნო და ამ მიმართულებებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

თელავში პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თელავი ჩემი ქალაქიას” ინიციატივით იმართება.

ავტორი: მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *