პანკისის მცხოვრებლები – მივალთ არჩევნებზე და ჩვენს პროტესტს გამოვხატავთ
პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის გამოსახატავად არჩევნებზე მისვლასა და ბიულეტენზე ,,არაჰესების” დაწერას გეგმავენ.
სოფელ დუისში მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის პროტესტს ყურადღებას არ აქცევს და იძულებულები არიან, არჩევნების მეშვეობით მაინც მიაწვდინონ ხმა მმართველ ძალას.
,,არჩევნების დღე ახლოვდება, პანკისში კი მასობრივი ჰესების მშენებლობის პრობლემა გვიდგას. ხელისუფლება ხალხის პროტესტს ყურადღებას არ აქცევს, რაც გვაიძულებს, რომ კანონის ფარგლებში ყველა შესაძლო ხერხით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ამიტომ ასეთი წამოწყება გვაქვს პანკისში, არჩევნებზე მივდივართ ყველა. ვისაც რომელი კანდიდატის არჩევა უნდა, აირჩევს, მაგრამ ბიულეტენზე დაწერს #არაჰესებს , ხოლო ვინც არჩევნებზე არ მიდის იმის გამო, რომ არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, რა პრობლემაა, ისიც მივა და თუ არავისთვის ხმის მიცემა არ სურს, ყველას გადახაზავს, ხოლო ბიულეტენს დააწერს #არაჰესებს . როცა არ მივდივართ, ისედაც ჩვენ მაგივრად სხვები ხაზავენ კანდიდატს და ხვდებით ვისაც. უმჯობესია, მივიდეთ და თან ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ, ძალიან კარგი ფორმით და თან არ მივცეთ არავის ჩვენ მაგივრად არჩევანის გაკეთების საშუალება. სხვა გზას მაინც არ გვიტოვებენ, არც ხალხის ნება ადარდებთ, არც ქვეყნის, ბუნების დარდი არ აქვთ და ჩვენ რისი შესაძლებლობა გვაქვს, ის მაინც ვაკეთოთ.
წამოწყებას უკვე ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ასეთი ხმა წავა ცესკო-ში. ჩვენს დაწერილ ტექსტს, ბიულეტენის თავში ან ბოლოში, ფოტოს გადავუღებთ და დავდებთ კედელზე ჰეშთეგით #არაჰესებს #ნუმომკლავ”, – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური