თელავში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაიმართება
თელავში, 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ პირველი პრეზენტაცია საქართველოს რეგიონებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საელჩო საქართველოში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, თელავის მუნიციპალიტეტთან და სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
,,გაეროს მიერ დაფუძნებულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშრისო დღესთან დაკავშირებულ გამოფენა-გაყიდვაზე ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი ქალი ფერმერები და ქალი მეწარმეები წარადგენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. გამოფენა გაიმართება რუსთაველის #4-ში, 11:00 დან 17:00 საათამდე (ბატონის წყალთან)”, – განუცხადა knews.ge-ს ფერმერ ქალთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიეთობის მენეჯერმა, ნინო გოგოლაშვილმა.
სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი