ყვარლის სოფელ გავაზში მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადაწვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადაწვა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლს ცეცხლი მაშინ წაუკიდა, როცა სახლში მარტო იმყოფებოდა. ის შვილთან, შვილიშვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. მეზობლების განცხადებით, მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და სახლი, სავარაუდოდ, მასთან კონფლიქტის გამო დაწვა. ცეცხლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო მანქანა ცდილობდა, თუმცა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.