მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება
2019 წლიდან მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია 24 ლარით გაიზრდება და 240 ლარი იქნება.
პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.
„ახალი წლიდან მთის სოფლებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებსა და სკოლის პედაგოგ პენსიონერებს პენსია 240 ლარი გაუხდებათ. ასევე, 40 ლარით გაეზრდებათ ხელფასი სოფლის ექიმებსა და ექთნებს. მთიდან წამოსულებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ მშობლიურ სოფლებში, რომ ისარგებლონ მთის კანონის სხვა სიკეთეებითაც“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს. კახეთის რეგიონში აღნიშნული სტატუსი 120-მდე სოფელს აქვს.
დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი