ახალი ამბები

პანკისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით, დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მისი ინფორმაციით,
ამ დრომდე პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ახმეტაში ჩასვლა უწევდათ. ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცენტრში ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარდება.
„იმ შემთხვევაში თუ იქნება საჭიროება სასიცოცხლო ფუნციების დასტაბილურებისა, სრული სერვისია იმისთვის, რომ აღნიშნული დახმარება გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობას. ამ ეტაპზე ცენტრში დასაქმებულია 25 ადამიანი და პერსპექტივაში შეიძლება თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ.
დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ყვარელმშენი 52“-მა ააშენა. ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებისთვის 700 000 ლარი იყო გამოყოფილი.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.