ახალი ამბები

თელავში კერამიკის გამოსაწველი მე-16 საუკუნის ქურა აღმოაჩინეს

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ განუცხადა, ქურა, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებისაა. 
„კერამიკის გამოსაწველი ქურა ქალაქ თელავის ძველი სასფლაოს მოპირდაპირედ აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმრო შენდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან ქურას. ჩვენი ვარაუდით, კერამიკის გამოსაწველი ქურა მე-16 მე-18 საუკუნეებით თარიღდება. ძველად, ამ ადგილას ყოფილა ტყით დაფარული დაუსახლებელი ტერიტორია და სრულიად შესაძლებელია, რომ აქ ასეთი სამრეწველო დანიშნულების სახელოსნო ყოფილიყო“, – განუცხადა knews.ge-ს ვახტანგ გაგნიძემ.
მისივე ინფორმაციით, ეს თელავში კერამიკის გამოსაწველი საამქროს აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.