ახალი ამბები

თხილის ექსპორტიორებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა

შესაბამისი ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 
რეგულაციის თანახმად, ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. 
ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ ცვლილებას დადებითად აფასებენ თხილის მწარმოებლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე კოოპერატივის ,,მარგი L” ხელმძღვანელი, რომელიც 8 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციებიდან ყოველწლიურად 7 ტონამდე თხილის მოსავალს იღებს, აცხადებს, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ევროპული სტანდარტის დანერგვა და უცხოურ ბაზარზე პროდუქციის გატანა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, კოოპერატივის წარმებული პროდუქცია ექსპორტზე იტალიაში გადის, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი მათ სამომავლოდ სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისების შესაძლებობაც ექნებათ.
”ჩვენი წარმოებული გულშიშველას, შველისყურას და ანაკლიური ჯიშის თხილის თითქმის 80 პროცენტი საექსპორტოა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე თხილს თითქმის არავინ ყიდულობს. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, რომელსაც ჩვენი თხილი ექსპორტზე იტალიაში გააქვს. ერთი კილოგრამი პროდუქციის ღირებულება 1 დოლარია. კახურ თხილზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა, რადგან ის თავისი გემოვნური თვისებებით, შემადგენლობით, ბევრად სჯობს მეგრულ, გურულ და თურქულ თხილს. ამიტომ ვფიქრობთ წარმოება დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და თავად გავიტანოთ უცხოურ ბაზარზე წარმოებული პროდუქცია”, –განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.