თელავში მოსახლეობას დენის დაბალი ძაბვის გამო ტექნიკა უზიანდება
ელენე ახვლედიანის, სულხანიშვილის და აღმაშენებლის ქუჩების მცხოვრებლები კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დაბალი ძაბვის დენი მიეწოდებათ, რის გამოც ელექტრო გამათბობლებს ვერ რთავენ. მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ დენის ცვალებადობის გამო ელქტროტექნიკა ზიანდება. თელაველები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარებით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
ელენე ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები ანა მარგველაშვილი, რომელიც ქალაქს იშვიათად სტუმრობს, აცხადებს, რომ დაბალი ძაბვის პრობლემა ყოველდღიურად მწვავდება. იგი აცხადებს, რომ 220 ვოლტის ნაცვლად ქუჩას 180 ვოლტის სიმძლავრის ელექტროენერგია მიეწოდება, რის გამოც ცენტრალური და ელექტრო გამათბობლების ჩართვას ერთდროულად ვერ ახერხებს. ანა მარგველაშვილი ამტკიცებს, რომ სახლის გათბობისთვის იძულებული გახდა, სტაბილიზატორი ეყიდა.
,,სტაბილიზატორი დავაყენე და 220 ვოლტის ნაცვლად 180 ვოლტი დენი შემოდის. გუშინ მყავდა ხელოსანი და შევამოწმებინე ამპერმეტრით და 175 ვოლტი მოგვეწოდებოდა. იშვიათად ჩამოვდივარ თელავში, მაგრამ ეს პრობლემა ყოველი ჩამოსვლისას გვექმნება. გუშინ ჩავრთე გათბობის ე.წ. ქვაბი და ასევე ელექტრო გამათბობელი. ამ ორს ერთად როცა ვრთავ, ცენტრალური გათბობა მეთიშება, ასევე ნათურებიც ბჟუტავს და კარგად არ ანათებს. ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, მთელი თელავი თითქმის სპეციალურ სტაბილიზატორებზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დენის ცვალებადობის გამო ტექნიკა ეწვებათ. ეს დიდი ხნის პრობლემაა. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიღებდეთ 220 ვოლტს და ხარისხიან პროდუქციას, რადგან გაზრდილ გადასახადებს ვიხდით, ‘’– განუცხადა knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებიც. ისინი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ სთხოვენ, პრობლემის მოგვარებაზე დროულად დაიწყონ მუშაობა.
,,ხშირად ცვალებადი ელექტროენერგია მოგვეწოდება. ხან ძალიან დაბალია, ისე, რომ ნათურებიც ვერ ანათებს და ხან მაღალი დენია. ამის გამო ელექტროტექნიკა ხშირად გვეწვება. ორი თვის წინ უბანში თითქმის ყველას მაცივრები, ტელევიზორები და სხვა ტექნიკა დაეწვა. ხალხი ერთხელ ძლივს ყიდულობს ტექნიკას და ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო რატომ უნდა დავზარალდეთ ჩვენ, როცა შესაძლებელია ადვილად მოგვარდეს პრობლემა’’,– განუცხადეს Knews.ge-ს სულხანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.
კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“ ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს მათთვის აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, თუმცა პრობლემის არსებობას არ გამორიცხავენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის წარმომადგენელის, ჟანა დიდებაშვილის ინფორმაციით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.
,,იმ ქუჩების მცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ პრობლემა, ოფიციალურად არ მოუმართავთ ჩვენთვის. არ არის გამორიცხული ეს პრობლემა იყოს რეალური. კომპანიის წარმომადგენლები ხვალ დაიწყებენ მოკვლევას და მიზეზების გარკვევას, რატომ არის დაბალი ან ცვალებადი ძაბვა. მოკვლევის შემდეგ დაიწყება აღნიშნული პრობლემის დადებთად გადაჭრაზე მუშაობა‘’,– განუცხადა knews.ge-ს ჟანა დიდებაშვილმა.
თელავსი დაბალი ძაბვის ენერგომომარაგებაზე ინფორმირებულია კახეთის რეგიონში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი. სოფიო აივაზაშვილი განმარტავს, რომ ენერგოომბუდსმენის აპარატი კომპანიასთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მოსახლეობა მათ განცხადებით მიმართავს.
,,თელავში არის დაბალი ძაბვის დენის მიწოდების პრობლემა, რაც ძირითადად გამოწვეულია ტექნიკური პრობლემებით ან კონკრეტულ აბონენტთან გაუმართავი ხაზების გამო. როცა მოქალაქეს აქვს პრობლემა, მან ინდივიდუალურად უნდა მიმართოს წერილობით ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელს თბილისში ან თელავში. ჩვენ შევისწავლით განაცხადს და მივართავთ კომპანიას გამოიკვლიოს აღნიშნულ მისამართზე რატომ არის ეს პრობლემა. დენის ცვალებადობა ან დაბალი დენის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. თუ არ მოგვმართა აბონენტმა, გაგვიჭირდება ამ პრობლემაზე საუბარი. ამ პრობლემით მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს. ერთობლივი განცხადებები ხშირად შემოდის ჩვენთან კონკრეტული სოფლიდან ან უბნიდან. მუშაობის შედეგად იკვეთება ხოლმე, რომ არის ტრანსფორმატორის გაუმართავობის, ხაზის ან ინდივიდუალური მოქალაქის პრობლემა, რომელიც მისი მოსაგვარებელია აღრიცხვის კვანძის შემდეგ. შესაბამისად როცა იდენტიფიცირებულია პრობლემა, უფრო ადვილია მოგვარება. ამ შემთხვევაში მოქალაქესაც შეუძლია გამოასწოროს პრობლემა და თუ კომპანიის ბრალია, ჩვენ ვავალდებულებთ მის მოგვარებას. კომპანია საპასუხი წერილში გვწერს რამდენ ხანში გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას. განცხადების დამუშავების და პრობლემის გამოვლენის შემდეგ ჩვენ პირადად მივდივართ და ვამოწმებთ რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოფიო აივაზაშვილმა.