ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი გახდა

დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, მმართველი პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, რომელსაც ოცდაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. პაპიაშვილის მოადგილე კი გახდა გოჩა სამუკაშვილი, რომელმაც, ასევე, საკრებულოს ოცდაერთი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. ის სოფელ სამრეკლოს მაჟორიტარი დეპუტატია. როგორც knews.ge–ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში განუცხადეს, ოპოზიციონერმა შვიდმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 
„საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევაც და ბიუროს შექმნა. საკრებულოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი გოგილაშვილი აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ჯემალ კოტაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – მიხეილ ბახუტაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გივი გიგაური, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ კი – ნიკოლოზ ხუციშვილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. დღესვე საკრებულოში ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იქნება დავით ალუღიშვილი, ხოლო ფრაქცია ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ლევან ბაღაშვილი უხელმძღვანელებს. სხდომის დასარულს შეიქმნა საკრებულოს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შევლენ ნუგზარ პაპიაშვილი, გოჩა სამუკაშვილი, გიორგი გოგილაშვილი, ჯემალ კოტაშვილი, მიხეილ ბახუტაშვილი, გივი გიგაური, ნიკოლოზ ხუციშვილი, დავით ალუღიშვილი და ლევან ბაღაშვილი“, – განუცხადეს knews.ge–ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.