სტატიები

კახელი მეწარმეები სახელმწიფოს მცირე საწარმოებზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ

მეწარმეებმა აღნიშნული მოთხოვნით სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართეს. 
მათი განმარტებით, ბაზარზე მოქმედ არარეგისტრირებულ საწარმოებს არ აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და კუსტარულ პირობებში წარმოებულ პროდუქტს იაფად ყიდიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს ფაქტორი რეგისტრირებულ მწარმოებლებს აზარალებს. “შირაქის რძის პროდუქტების” ხელმძღვანელი დავით აფციაური აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბაზარზე არსებული ფაქტების და შექმნილი პრობლემების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე მდგომარეობა არ შეცვლილა.
მისივე მტკიცებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არათანაბარ პირობებში აყენებს რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მწარმოებლებს და რეალიზატორებს. აფციაური მიუთითებს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მას უმნიშვნელო დარღვევებზეც კი აჯარიმებს, კუსტრაულ პირობებში დამზადებული პროდუქტის მეპატრონეს კი კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაშიც არ აჯარიმებს. 
“მე მაცივარში თერმომეტრი რომ არ მაქვს, ჯიხურს მიხურავენ, 400-ლარიან ჯარიმას მიწერენ. არარეგისტრირებულ მეწარმეებს მაცივარი არ აქვთ, ყველის ეტიკეტი არ აქვთ და ისინი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტო მათ არ აჯარიმებს. ეს მეწარმეები გლეხის სახელს აფარებენ თავს, ვითომ გლეხის ყველს ყიდიან”,- აცხადებს დავით აფციაური. 
მეწარმეები მოითხოვენ გამკაცრდეს სახელმწიფო კონტროლი სარეალიზაციო ობიექტებზე, გახშირდეს პროდუქტების ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. ისინი აღნიშნავენ, რომ საწარმოების მონიტორიგი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს სრულად აღიქვას არსებული ვითარების სიმწვავე და მასშტაბურობა. 
,,ბაზარზე არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სურსათის უვნებლობის კოდექსით ფიზიკურ პირთათვის 2020 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებული გამონაკლისებით და ეწევიან არაკეთილსინდისიერ მეწარმეობას, თავს არიდებენ რეგისტრაციასა და სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას და ყოველგვარი სანიტარული თუ სხვა პირობების დაუცველად აწარმოებენ პროდუქციას, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია ეწოდოს რძის პროდუქტი. მოვითხოვთ გამკაცრდეს კონტროლი ასეთ წარმოებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კეთილსინდიდიერმა მეწარმეებმა წარმოება შეაჩერონ”,- აცხადებენ knews.ge-სთან საუბარში რძის მწარმოებლები. 
საკონსულტაციო კომპანია შპს „ჯიდისიაის“ წარმომადგენელი ეკა ქიმერიძე განმარტავს, რომ წლების განმავლობაში არარეგისტრირებული მწარმოებლების ფუნქციონირების შედეგად სახელმწიფომ შემოსავლების კუთხით საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიიღო და წარმოებული პროდუქტის უვნებლობაც ეჭვქვეშ დადგა.
,,ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავეთ და გავეცანით კერძო პირების წარმოების სპეციფიკას. ამ კუთხით მუშაობის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ ფოტომასალები, რომლებზეც ასახულია მძიმე ფაქტები და ეს ძირითადად გადაღებულია არარეგისტრირებულ საწარმოებში. პრობლემებს მარტო მეწარმეები ვერ მოაგვარებენ. მათ ჭირდებათ დიდი მხარდაჭერა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობენ. გარდა ამისა, აუცილებელია კანონში საკანონმდებლო ტერმინოლოგიის დონეზე განიმარტოს, რა არის არაორგანიზებული წარმოება, ე.წ მცირე და ოჯახური საწარმოები, რომლებიც თვლიან, რომ არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულები, რადგან ოჯახური წარმოებაა. ისინი რეალურად ორგანიზებული სახით ყიდიან რძის პროდუქტებს’’, – განუცხადა knews.ge–ს ეკა ქიმერიძემ.
ქიმერიძე მიიჩნევს, რომ კანონით, ასევე, უნდა განისაზღვროს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული საწარმოების საქმიანობა.